”ზედაზენი” გაიხსნა

02.4.2012

მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში, ზედაზენის მთის ძირას ლუდის ახალი ქარხანა ”ზედაზენი” გაიხსნა. ”ზედაზენი” ახალი ქართული ბრენდია, რომელიც უმაღლესი ხარისხის ლუდის გარდა, 5 სახეობის აბსოლუტურად ნატურალურ ლიმონათს აწარმოებს. ქარხანა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.


მიხეილ სააკაშვილმა საწარმოს პერსონალს სიტყვითაც მიმართა და მათ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ესაუბრა: ”ეს სასწაული, რომელსაც დღეს მე ვხსნი მართლაც ძალიან შთამბეჭდავია იმიტომ, რომ საქართველოში ასეთი თანამედროვე ქარხანა არცერთ სფეროში არ გვაქვს. ამ ლუდის გამოშვებისა და სასმელების თვალსაზრისით ეს ერთ–ერთი ყველაზე თანამედროვე ხაზია ევროპაში. მშენებლობა 7 თვეში დამთავრდა და დამატებით ერთ თვეში პროდუქია უკვე არის. 8 თვე დასჭირდა იმისთვის, რომ ქარხანას სრული სამუშაო ციკლი აეწყო. მინდა ყველას ვუთხრა, რომ აქ ჩვენი 700 თანამოქალაქე მუშაობს. 700 ოჯახს მარჩენალი გაუჩნდა და 700 ოჯახი უფრო წელგამართული ხვდება ხვალინდელ დღეს. 700 ადამიანს წასასვლელი აქვს დილას, მათ უკეთესი ცხოვრების რეალური შესაძლებლობა გაუჩნდათ.ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომ ჩვენ კიდევ ერთი ახალი საწარმო შეგვემატა. მე მინდა თითოეულ აქ დასაქმებულს ვუსურვო წარმატება”,-აღნიშნა პრეზიდენტმა.


ქართული ინვესტიციით შექმნილ წარმოებაში 70 მილიონი ლარი დაიხარჯა. ქარხანა უახლოესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. საწარმოში 700-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, აქედან 200 იძულებით გადაადგილებული პირია.


საწარმო უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, იგი ჩეხურმა კომპანიამ ZVU POTEZ-მა დააპროექტა. ჩეხი და გერმანელი სპეციალისტების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ლუდი ყველასთვის ხელმისაწვდომია და მისი ფასი 1,50 ლარიდან იწყება.


,,ჩვენი მიზანი ისაა, რომ ქართველ მომხმარებელს გავასინჯოთ რაც შეიძლება ხარისხიანი, ნამდვილი და მსოფლიოს სტანდარტების შესაბამისი ლუდი. კონკურენტებს ან ბაზრიდან გასვლა ან მომხმარებლისთვის ხარისხიანი ლუდის შეთავაზება მოუწევთ. ვაპირებთ, მოკლე ვადებში გავხდეთ ბაზრის ლიდერები, რადგან ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლუდს ვამზადებთ“,– აცხადებს კომპანიის კომერციული დირექტორი კახა პაიჭაძე.